პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

05.06.20 16:20


"კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედია საშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ", - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე ეხება, ისტორიაში პირველად შემოტანილი უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლებისა და ბათინკების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.

"ამასთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის შეძენილ იქნა ბაზრის ლიდერი კომპანიების - „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლები. ახალი წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, ასევე სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და ასევე, კონტრაქტის შუამავლების გარეშე პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა ის შესაძლო ბრალდება, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან შეიძლება გავრცელდეს სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში უსაფუძვლოა და მიმართულია ჯარის საკეთილდღეოდ და გასაძლიერებლად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების დასაკნინებლად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას შეწყვიტოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რაც გამოიხატება ჯარის მიმართ მსგავსი დისკრედიტაციის კამპანიების წარმოებით", - აცხადებენ სამინისტროში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები