საზოგადოება

თბილისის ცენტრში ენმ-ის ოფისს თავს დაესხნენ

02.09.16 19:20


თბილისის ცენტრში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, თუმცა ამის შესახებ პარტიის წევრებმა მხოლოდ დღეს დილით, ოფისში მოსვლის შემდეგ გაიგეს. ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ენმ-იდან ელენე ხოშტარია მომხდარში ხელისუფლებას სდებს ბრალს.

„ჩვენ ვნახეთ მთელი ოთხი წლის განმავლობაში, რომ ის, რაც მათ შეუძლიათ, ეს არის ცალსახად ნგრევა, ნეგატივი და არა ის, რაც სჭირდება ქვეყანას — ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, ქვეყნის წინსვლაზე ზრუნვა. შესაბამისად, ეს არის, ბუნებრივია, ხელისუფლების ხელწერა. მათ არ ესმით რამდენად საზიანოა ეს მთლიანად ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ასეთი ნგრევით და აგრესიით ისინი უფრო დააჩქარებენ თავიანთ დამარცხებას, ისინი აჩვენებენ თავიანთ სისუსტეს, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანა ზიანდება“, — განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მუხლით „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ეს ყოფილი მმართველი პარტიის ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ აგვისტოს თვეში სამი შემთხვევა დაფიქსირდა. პარტიის წარმომადგენლები ამაში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. თავდასხმები ენმ-ის ოფისებზე ხდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები