ეკონომიკა

გაიაფდა თუ გაძვირდა საქართველოში დასვენება - პანდემიის გავლენა სასტუმროს ფასებზე

10.06.20 17:00


საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იხსნება, თუმცა, სასტუმროების ნაწილმა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მუშაობა 8 ივნისიდან განაახლა.

საერთაშორისო ტურისტების მიღებას საქართველო 1-ლი ივლისიდან გეგმავდა, თუმცა, რიგ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, როგორც ჩანს, ეს პროცესიც გადაიდება.

PIA.GE-მ გაარკვია, როგორ იმოქომედა საქართველოში სასტუმროების ფასებზე კორონავირუსის პანდემიამ და გაიაფდა თუ გაძვირდა ქვეყანაში დასვენება.

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბათუმში არსებული სასტუმროები მუშაობის განახლებას 1-ლი ივლისიდან გეგმავენ, რადგან უმეტეს მათგანს ჯერ შესაბამისი შემოწმება გავლილი არ აქვს და ამისთვის დრო სჭირდება. რაც შეეხება ფასებს, როგორც სასტუმროების წარმომაგდენლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ძირითადად შემცირდა ან იგივე ფასი დარჩება, რაც პანდემიამდე იყო. სასტუმროს ნომრების ფასის გაძვირებას ყველა მათგანი ერთხმად გამორიცხავს.

"მუშაობის განახლებას ვგეგმავთ 1-ლი ივლისიდან. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთან სტანდარტული ორადგილიანი ნომერი 140 ლარი ღირდა, თუმცა უკვე განვსაზღვრეთ შეცვლილი ღირებულება და სექტებრის ბოლომდე 120 ლარი იქნება. არ გამოვრიცხავთ, რომ ფასი კიდევ დაიკლებს, გააჩნია მოთხოვნას. ასევე 30-50 ლარით შევამცირეთ უფრო მაღალი კლასის ნომრების ფასებიც", - აღნიშნავს სასტუმრო "დაისი"-ს წარმომადგენელი.

ფასების კლება ბათუმის კიდევ რამდენიმე სასტუმროში დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ეს booking.com-ზე უკვე ასახულია.

ფასები შეცვლილია ქუთაისის სასტუმროების უმრავლესობაშიც. აქაც ჯერ კიდევ მცირეა იმ სასტუმროების რიცხვი, რომელთაც მუშაობა განაახლეს.

"ჩვენ 8 ივნისიდან კვლავ გავხსენით სასტუმრო. წინა სეზონებზე სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ფასი იყო 120-130 ლარი, ახლა კი, რადგან ძირითადად ქართველი სტუმრები გვყავს, 100 ლარი გვაქვს საფასური. ასევე შემცირებულია ფასები სამადგილიან და ლუქს კლასის ნომრებზეც", - გვითხრა სასტუმრო "ტერასა ქუთაისის" მენეჯერმა.

"აგროპალას ჰოტელის" მეპატრონე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კორონავრიუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასტუმროს ორადგილიანი ნომრები ერთადგილიანად გადააკეთეს, მუშაობის გასანახლებლად შემოწმების გავლას ელოდებიან, ხოლო ფასების გაზრდას არ გეგმავენ, პირიქით, თუ დიდი მოთხოვნა იქნება, შესაძლოა ღირებულებამ დაიკლოს კიდეც.

სასტუმროების ფასები შემცირებულია თბილისშიც. დედაქალაქში არსებული ოთხვარსკვლავიანი სასუმრო "ჯაზის" წარმოამდგენელი აღნიშნავს, რომ სტანდარტული ნომრის ფასი პანდემიამდე 150 ლარი იყო, თუმცა გახსნის შემდეგ ეს ფასი 80-100 ლარი იქნება.

როგორც გაირკვა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება, შედარებით გაუჭირდათ მცირე ტიპის სასტუმროებს, სადაც სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ღირებულება 45-70 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ბევრ მათგანს შემოწმებისთვის მზაობის შესახებ განაცხადი უკვე შეტანილი აქვს და გახნისთვის აღნიშნული პროცესის დასრულებას ელოდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები