ეკონომიკა

ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, მაქსიმალურად გამოიყენონ გიდების მომსახურება

11.06.20 17:00


ძალიან დეტალური ინფორმაცია მაქვს გიდების პრობლემების შესახებ, თავად გიდებისგან არაერთგზის მოსმენილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის მხარდაჭერის გეგმაზე მუშაობისას ყველა ჯგუფთან ინტენსიუტი კომუნიკაცია და კონსულტაციები შედგა და ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა დიდწილად სწორედ ამაზე აიგო.

„გიდების საკითხს თავისი სპეციფიკა აქვს, საკმაოდ დიდი არმია გვყავს გიდების, პროფესიონალი ადამიანების, რომლებიც წარმატებული იყვნენ ბოლო წლებში, რადგან იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა, მათაც საკმაოდ კარგად ჰქონდათ შემოსავლის წყარო ამ თვალსაზრისით და პროფესიონალიზმსაც ხვეწდნენ, თუმცა პრობლემებიც არის ხარისხთან, სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვეხმარებით გიდების პროფესიული ასოციაციების მეშვეობით, რომ ისინი თვითდასაქმებულთა 300 ლარიანი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. მაქსიმალურად ხვდებიან ამ კატეგორიაში, მაქსიმალურად ლოალურად ვუდგებით მათ იდენტიფიცირებას, თუმცა ეს არ არის მარტივი.

შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რაზეც მან პარლამენტში ისაუბრა და მთავრობამ მიიღო, გავითვალისწინეთ, რომ გიდებს სეზონური სამუშაო ჰქონდათ და გამონაკლისი დავუშვით მათთვისაც და სხვა სეზონური სამუშაოს მქონე ადამიანებისთვის, პირველ რიგში კი, გიდების პრობლემებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს. მათთვის საკმარისია წარადგინონ, რომ 2019 წელს ჰქონდათ გარკვეული სამუშაო, ესეც საკმარისია. ვიცით რა, რომ სეზონური საქმიანობაა, მათთვის ლიბერალური, საგამონაკლისო მიდგომა გავავრცელეთ. ესეც იყო ამ მხრივ გადადგმული დადებითი ნაბიჯი“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, უკვე მუშაობს დასაქმების პლატფორმა.

„რაც შეეხება დასაქმების პლატფორმას, ჩავთვალოთ, რომ ეს პლატფორმა უკვე მუშაობს. მათთან მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და კომპანიები, რომელთა სპეციფიკაშიც შედის გიდის პროფილი, იმ ადამიანის დასაქმება, ვინც ფლობს ერთზე მეტ ენას, ქოლცენტრები და სხვა, ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ განიხილონ მათი კანდიდატურები, მოხდეს იქიდან შერჩევა და დასაქმება. ალტერნატიული დასაქმება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ასევე, ნათია თურნავა მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ, მაქსიმალურად ისარგებლონ გიდების მომსახურებით.

„ახლა დაველოდოთ შიდა ტურიზმის გახსნას. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ადრე ალბათ არ სარგებლობდა გიდების მომსახურებით, მივუდგეთ ამ საქმიანობას ერთი, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი გიდების მხრიდან, ბევრი რამ ჩვენთვისაც უცნობია ჩვენს მშობლიურ ქალაქზე, მშობლიურ მხარეზე, საქართველოზე მთლიანობაში და მივუდგეთ ასევე პატრიოტულად, რადგან ეს იქნება დახმარება გიდების მიმართ, რომლებიც მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაქსიმალუად გამოვიყენოთ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პროფესიონალი გიდები გვთავაზობენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები