საზოგადოება

პრეზიდენტმა იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა

02.09.16 21:45


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და კურსდამთავრებულებს მიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები. მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება. თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებისადმი მიმართვაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს კურსდამთავრებულები სასწავლებელში მიღებული ცოდნით უნდა დაუპირისპირდნენ. „თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით თქვენ უნდა მიაღწიოთ მთავარს, რასაც უნდა მიაღწიოს ჯარისკაცმა, ეს არის სისხლისღვრისა და ბრძოლის გარეშე ომების მოგება. ეს ის მთავარი ცოდნაა, რომელიც სწორედ ჯარისკაცის ინტელექტუალურ პოტენციალზე გადის და მე მჯერა, რომ თქვენ, ჩვენ ყველანი ამ სამსახურში გამარჯვებულები ვიქნებით. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვისი გმირობის შედეგადაც ჩვენ შევძელით, რომ დღეს აქ ვიდგეთ, ვისი გმირობის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა ყალიბდება და ვითარდება, როგორც განსაკუთრებული, გამორჩეული, უნიკალიური. მადლობა მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის და მადლობა თქვენ იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ და გააკეთებთ. მე მჯერა თქვენი და მუდამ თქვენთან ვარ, ისევე როგორც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან ეამაყებით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და მისმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ, საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 685


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები