საზოგადოება

თაღლითური სქემა სასტუმროების ხელმძღვანელების მონაწილეობით – პროკურატურის განცხადება

18.06.20 15:00


საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელები მოქალაქეების კუთვნილ თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თანახმად, გამოვლინდა ტრანსნაციონალური დანაშაული, რის შემდეგაც სისხლისსამართლებრივი დევნა, ჯამში, 8 პირის მიმართ დაიწყო.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სასტუმროს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ კიდევ ორ ბრალდებულთან და და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, [6-მა პირმა] მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ”, – წერ უწყება.

პროკურატურის თქმით, აღნიშნულით მათ საშუალება მიეცათ, პოს ტერმინალსა და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.

“ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით.

დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, თაღლითურად მითვისებული ფული, მისი მითვისების შემდეგ, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის ნაწილდებოდა. ჯამში, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და აშშ-ის მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

2020 წლის 16-17 ივნისს რვავე პირს წარედგინა ბრალდება 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები