ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმი დამტკიცდა

25.06.20 16:00


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომელთაც ახალაშენებული ბინის შეძენა სურთ და პანდემიის გამო, იპოთეკური სესხის აღება გაურთულდათ, სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.

​„დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, კონკრეტულად ბინათმშენებლობის და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით. კერძოდ, ეს არის სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც განახორციელებს ჩვენი სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“. ეს პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს. პირველი ეს არის სუბსიდირების კომპონენტი. როდესაც ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, შეიძინონ ახალაშენებული ბინები, გაიუმჯობესონ თავისი საცხოვრებელი პირობები, მაგრამ „კოვიდ-19“-ის, ფინანსური პირობების გაუარესების გამო, არ ეძლევათ შესაძლებლობა, აიღონ იპოთეკური სესხები ბანკებში, რათა შეიძინონ ბინები, ჩვენი პროგრამის მეშვეობით, დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს გარკვეული მექანიზმით, ასევე, თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით ბანკთან სწორედ ამ მიზნობრიობით, სესხის აღების დროს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი მექანიზმი დამტკიცდა, რომელიც ასევე ეხება მშენებლობის სექტორს.

„ყველაზე დიდი პრობლემა გასული წლების არის დაუმთავრებელი მშენებლობები და, როგორც კი მძაფრდება მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი, იგივე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი რომ გავიხსენოთ, ეს პირველ რიგში, ურტყამს მშენებლობებს. ამის შედეგად, გვაქვს ხოლმე დაუმთავრებელი მშენებლობები, რაც არის ძალიან ბევრი გაუბედურებული ოჯახი, ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემა და ზოგადად პრობლემა, ჩვენი ქალაქების იერსახისთვის.

აქედან გამომდინარე, მეორე მექანიზმიც დამტკიცდა, ისევე როგორც ეს იყო ჩვენს ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით, ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით, მისცემს გარანტიას სამშენებლო კომპანიებს, რომ არაუმეტეს 30%-ისა მათი ფართების იქნება სახელმწიფოს მიერ შეძენილი საკონკურსო, კონკრეტულ ფასად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ დაასრულონ ეს მშენებლობები, მიაღებინონ შესაბამის უწყებებს ბინები ექსპლუატაციაში და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დღეს სამშენებლო კომპანიები და დეველოპერები, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შეძლონ დაფინანსების შეკვრა, რათა დაასრულონ, ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული ბინათმშენებლობის პროექტები.

არ დაგვირჩეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მშენებლობა არ სრულდება. ეს ორი პროგრამა იქნა დამტკიცებული და პრაქტიკულად, უკვე შემდეგი კვირიდან, როგორც ბინის მსურველ ადამიანებს, ანუ ახლად აშენებულ ბინებზე არის საუბარი, ასევე დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს, შემდეგ უკვე, ჩვენს შესაბამის სააგენტოებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები