პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა

29.06.20 15:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ამან კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი არიან ანტიდასავლური ჯგუფები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა.

„ეს ნამდვილად ისტორიული კენჭისყრა იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გზაზე. „ქართული ოცნების“ გუნდმა დანაპირები რაც გასცა, შეასრულა. რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ შევძელით, პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, ვინც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, ერთობლივად ცვლილებების ასახვა. ის, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ამან კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი არიან ანტიდასავლური ჯგუფები. რეალურად, სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ მათი მხილება კიდევ ერთხელ მოახდინა, რომ ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და გრძელვადიანი განვითარების მომხრენი. ერთი, რომ თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გავიდნენ რა ამ შეთანხმებიდან. მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არ სურთ. ეს არის ფაქტი.

თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდმა პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად შევძელით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება განგვეხორციელებინა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები