პოლიტიკა

ველოდებით სასამართლოს – გახარია ხანგოშვილის საქმეზე დუმილზე

29.06.20 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა, — რომელსაც საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის საქმეზე რუსეთთან კონტექსტში პოზიცია არ დაუფიქსირებია, — ამ საქმეზე გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„ნეტგაზეთმა“ გიორგი გახარიას დღეს ჰკითხა, იმის ფონზე, რომ გერმანიამ პირდაპირ დაადო ხელი რუსეთის სპეცსამსახურებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში, ამ დროს რას ამბობს საქართველოს მთავრობა. პრემიერმა უპასუხა:

„ინტერპტერირებას ნუ ვაკეთებთ… გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატარის გამოძიებიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთო, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო“.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობასაც ეს პოზიცია აქვს: „ზუსტად ეს პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს, იმიტომ, რომ საქართველოს მხარე ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული თავის პარტნიორებთან ერთად“.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანული გამოძიება რუსეთს ოფიციალურადაც ადანაშაულებს.

კერძოდ, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 18 ივნისს გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმადაც:

„2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს, ვადიმ კ.-ს (ან ვადიმ სოკოლოვს) მისცეს თორნიკე ქავთარაშვილის [იგივე ზელიმხან ხანგოშვილი — რედ.] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება“.

გერმანული პროკურატურის განცხადება ვრცლად
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობდა „საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რათა დავასკვნათ, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სტრუქტურების დაკვეთით“.

ამ ცნობის გავრცელების პარალელურად, 4 დეკემბერს, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რითაც ისინი, ფაქტოვრივად, ქვეყნიდან გააძევა, რის საფუძვლადაც რუსეთის მრიდან გერმანულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა დაასახელა.

საქართველოს მკვეთრი პოზიცია ამ დრომდე არ გამოუხატავს მისი მოქალაქის, ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთთან კავშირზე, რის შესახებაც გერმანიის პროკურატურა საუბრობს.

ამის სავარაუდო მიზეზად ანალიტიკოსები „ნეტგაზეთთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის რისკს ასახელებენ.

გახარიამ გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ საქართველო პირდაპირ არის ჩართული“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში“.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები