პოლიტიკა

“ვგმობთ შეტევებს გერმანიის ელჩის მიმართ” – EU-ს დელეგაცია საქართველოში

30.06.20 10:45


ევროკავშირის დელეგაცია “შეტევად” აფასებს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ გახმიანებულ ზოგიერთ განცხადებას და ყველა მხარეს მოუწოდებს, ადამიანის ღირსება დაიცვას. ამის შესახებ დღეს, 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

“ვგმობთ შეტევებს გარკვეული პოლიტიკური აქტორების და მედიასაშუალებების მხრიდან ჩვენი კოლეგის, ჰებერტ ქნირშის მიმართ. ყველა იმ მოთამაშემ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისაგან და დაიცვან ყველა იმ ადამიანის ღირსება, რომლებიც აქტიურნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

ამის შემდეგ ის ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა: “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ელჩს “[ბიძინა] ივანიშვილი აფინანსებს”, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი ელჩის კომენტარს ასე გამოეხმაურა: “თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში…”

ასევე, კრიტიკა მოჰყვა ქნირშის განცხადებას სოფო კილაძის საკითხზე: ელჩმა შეშფოთება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების შინაარსზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს მხრიდან კილაძის წარდგენას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად. NGO-ები აღნიშნავდნენ, რომ სოფო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩმა გააკრიტიკა ორგანიზაციების ეს გზავნილი, NGO-ებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ გაკვირვებას იწვევს ელჩის შეფასება, “როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს”.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები