საზოგადოება

შსს იძიებს როგორ დაიწვა მოწმის სამალავის მიმდებარე ტერიტორია

07.07.20 17:20


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, შაქარაშვილის საქმეზე, ერთ-ერთი მოწმის სამალავის მიმდებარე ტერიტორიის დაწვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ბორცვაძის თქმით, გამოძიებით დადგინდება აღნიშნული ადგილი განზრახ დაწვეს თუ გარკვეული გაუფრთხილებლობიდან გამომდინარე.

“შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი, ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს”, – განმარტა ბორცვაძემ.

მისი განცხადებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გუშინ, 6 ივლისს ჩატარდა.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოწმე გური ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა 28 ივნისს შეუფარდა. ადვოკატების ნაწილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ნაწილს კი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული.

შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა. 17 პირი სწორედ ჩხუბების ეპიზოდზეა დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლითაც უნდა დადგინდეს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები