პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

09.07.20 16:20


საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კონკრეტული ამოცანები, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი იყოს მეტად წარმატებული, ინკლუზიური და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შემდგომ ასპექტებზე, რომელიც მათ შორის, მოიცავს როგორც სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავებას, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას, რათა საქართველოს მეტმა მოქალაქემ შეძლოს ამ პროგრამებით სარგებლობა. სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ თვალსაჩინო შედეგებს და აღნიშნა, რომ პარტნიორობის 10 წლის თავზე საჭიროა ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რათა შემდგომი პერიოდიც იყოს ასევე ეფექტიანი და ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესს.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებას – „მწვანე შეთანხმებას“ და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ამ თვალსაზრისით კარგი და სანდო პარტნიორი, რამდენადაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წარმოების ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ხოლო საქართველოს მხრიდან – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები