საზოგადოება

საპატრიარქო: ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია ნეიტრალურ სივრცედ დარჩება

09.07.20 16:40


საქართველოს საპატრიარქო აია-სოფიასთვის სტატუსის შესაძლო შეცვლის საკითხს ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობა შენარჩუნეს. აია-სოფია კი, ნეიტრალურ სივრცედ უნდა დარჩეს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად. იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ იმსჯელა, კანონიერი იყო თუ არა აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

აია-სოფია ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი, მუზეუმია სტამბოლში. მას ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები