პოლიტიკა

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ჩიხში შედის - უკრაინის ელჩი ზალკალიანის უწყებაში ისევ დაიბარეს

10.07.20 15:20


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი ისევ დაიბარეს. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია.

ზალკალიანის უწყებაში ელჩს განუმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ოფიციალური პირია, ამიტომ მისგან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და კანონმდებლობას არღვევს.

"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს." - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა დაძლევს ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებს.

"დღეს, მოწვეული ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკითხი ძალიან სერიოზულია, მე ვაცნობებ ოფიციალურ კიევს ჩვენი საუბრის შესახებ, ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ჩვენი ურთიერთობების წინაშე არსებული გამოწვევა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ" - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები