პოლიტიკა

პარლამენტი მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიებს გამართავს

13.07.20 10:20


საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან რიგგარეშე სესიები იწყება. მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომის ფარგლებში, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 50-მდე განსახილველ საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის იქნება კანონპროექტი „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

რიგგარეშე სხდომაზე ასევე იმსჯელებენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდეს და თან ეს იყოს გარკვეული პერიოდით, მინიმუმ პირველ იანვრამდე. თქვენ იცით, პანდემიის მასშტაბები ჯერ სამწუხაროდ არ მცირდება. მართალია, ჩვენ შევძელით და ეფექტურად მოხდა მართვა „კოვიდ-19“-ის გავრცელების, მაგრამ მაინც არსებობს მცირე შანსი, რომ შემოდგომაზე, როგორც ამას ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, გავრცელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად. იცით, რომ ამ პერიოდისთვის არის არჩევნები, 31 ოქტომბერს. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე უნდა ჩავატაროთ მაღალი სტანდარტით. მეორეს მხრივ, გავითვალისწინოთ ის, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება იყოს მინიმალურად დაცული ისე, რომ რისკი იყოს ძალიან დაბალი. არანაირი საფრთხე არ უნდა არსებობდეს იმის, რომ საგანგებო მდგომარეობა იქნას შემოღებული ქვეყანაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები