პოლიტიკა

"თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან საქართველოს მოქალაქეები!" - არჩილ თალაკვაძე გოცირიძეს

14.07.20 14:00


„როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია.

„ ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ - როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი",- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ აღასრულებს. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 120-30-ზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

„ერთი მაგალითი მარტო ის კმარა, რომ 120/30-ზე იყო თქვენი ინიციატივა - პროპორციულთან მიახლოებული სისტემა 2020 წელს. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად, მერე ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ.

პირიქით მოხდა, კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ ოპოზიციამ თქვენს საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი, ხალხს ეუბნებოდით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რომლის გამოც, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების გადახდა უწევს.

„გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას?

სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ, რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები