პოლიტიკა

გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება

14.07.20 15:00


დღეს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე და ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთავში განაცხადა, სადაც დღეს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოვსლისას საწარმოს დამფუძნებელ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. მინდა, ბატონ ჯემალს, მის პარტნიორებს მადლობა გადავუხადო და როგორც ნათია თურნავამ ბრძანა, ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, – განაცხადა პრემიერმა.

შპს „ქართლი ტექსტილს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90 პროცენტი ქალი.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები