პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

14.07.20 18:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნონით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში". შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. მხარეები მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები