პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი - მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მათ შორის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს დიდი მოლოდინით ელოდება

06.09.16 17:30


საქართველოს ხვალ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა. საბჭო თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩამოვა.

ხვალვე საქართველოს დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიხსნება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გარდა, რომელიც 7-8 სექტემბერსაა დაგეგმილი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებსაც გამართავს.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის თბილისში ჩატარება საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

„მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მათ შორის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს დიდი მოლოდინით ელის. პირველ რიგში, ეს არის შანსი რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ახლო ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას იმ შრომისთვის, რაც მან საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, განსაკუთრებით კი ნატო-სთვის გასწია, ასევე საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს, რომელშიც აშკარა პროგრესს ვხედავთ. ვიზიტი კარგი შანსია იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოლოდინი მოახლოებული არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების შესახებაც. ჯამში, ვიზიტის ფარგლებში ბევრ ახალ და მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები