ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XI თავი I

06.09.16 19:10


გორი
(მოკლე ისტორიული ექსკურსი)

საქართველოს უძველესი ქალაქებიდან გორი ერთ-ერთია, რომელსაც მოიხსენიებს ჯუანშერი (XI). გადმოცემის თანახმად სტეფანოზ-ერისთავის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში, ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს „ტონთიო“ (ოქროს მთა)“ ეწოდებოდა.

ქალაქის სახელწოდება კლდოვანი გორაკისგან წარმოდგა, მასზე გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ.წ. I ათასწლეული უკანასკნელი საუკუნეები.

არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი მტკვრის ნაპირას. ადგილი ღამბარეული, ნაპოვნი კერამიკა დამახასიათებელია ძვ.წ. III ათასწლეულის მტკვარ- არაქსის კულტურის.

1946წელს გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობის ჩამოზვავების შედეგად გამოჩნდა ანტიკური ხანის კულტურული ფენა: ალიზის კედელი (ანალოგიურია ბაგინეთისა, წიწამურისა) თხელნაკეციანი ქვევრები, თიხის ჭურჭელი და ნატეხი. ეს ფენები ძვ.წ ათასწლეულით და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით თარიღდება.
სომეხი ისტორიკოსის მათე ედესელის (ურაჰაელი), (XII-ის პირველი ნახევარი) ცნობით მეფე დავით აღმაშენებელს აუშენებია სომეხთა ქალაქი გორა (გორი) ქართველთა ქვეყანაში და აუგია, აგრეთვე, მრავალი ეკლესია და მონასტერი და უწოდა ამ ქალაქს გორი. უნდა აღინიშნოს, რომ სომეხი ისტორიკოსის ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან დავით აღმაშენებლამდე გაცილებით ადრე არსებობდა ეს ქალაქი. ქართველმა მეფემ მხოლოდ შეასახლა სომეხი ვაჭრები, აღებ-მიცემობის და ხელოსნობის განვითარების მიზნით.

პროფ. დ.გვრიტიშვილის ამ მოსაზრებას პ.მურადიანი არ ეთანხმება და შენიშვნას - მათე ედესელი ლაპარაკობს შესახლებულების ეროვნულ კუთვნილებაზე და არა მათი საქმიანობის შესახებ. ქართველმა მეფემ სომეხი ვაჭრები და ხელოსნები გორში დაასახლა ვაჭრობის განვითარების მიზნით, თორემ ამ დროს ეს ქალაქი ქართველთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა.

რაც შეეხება მათე ედესელის ცნობას-თითქოს დავით აღმაშენებელმა მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა გორში, ეს იმდენად ყალბია თვით პ.მურადიანმაც არ ირწმუნა და გაზვიადებულად მიიჩნია, რადგან დავით IV 1125 წელს გარდაიცვალა და 2-3 წელიწადში ბევრ საკულტო ძეგლის აგებას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.

ახლა ვნახოთ ეპ.მირზახანიანის საპრეტენზიო სიაში როგორ არის წარმოდგენილი ჯერ ქალაქ გორის და შემდეგ გორის რაიონში არსებული ეკლესიები, რომელნიც აგებულნი არიან 1801-წლამდე.

1. ქ.გორი „სურბ-ასტვაწაწინ“-ის „მაირ ეკეღეცი“ (დედა ეკლესია), ქალაქშია 1602/1610-იანი წლები.

2. ქ.გორი „ჰნაშენ სურბ-სტეფანოს“ (ტერ მოვსეს ეკლესია)... აღდგენილია 1661წ.

3. ქ.გორი „ქარაშენ სურბ-სტეფანოს“ 1684წ.

4. ქ.გორი „სურბ-ჰამბარძუმ“ 1790-1793წ.წ.

5. გორიჯვრის-ჯალაპის ეკლესია 1491წ.

6. ტყვიავი „სურბ ნშან“ სომხურ სასაფლაოზე, 1461წ.

7. უფლისციხე „სურბ-ნშან“ სოფელში XIV-XVს.ს

8. უფლისციხე „სურბ-ასტვაწაწინ“ სოფელში, XIVს.

9. ქვახვრელი „სურბ-ასტვაწაწინ“, სოფელში XV- XVIს.ს

10. ქვახვრელი „სურბ-ნშან“ სამონასტრო კომპლექსი, კლდეში ნაკვეთი XII-XVIIს.ს

ავღნიშნე და კიდევ მსურს გავიმეორო გორის (არამარტო გორის) სომეხი სამღვდელოება ქართველი მეფეების მფარველობით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ, არ შეიძლება არ დაეთანხმო გორის ისტორიის და საერთოდ შესანიშნავ მეცნიერს პროფ. ელდარ მამისთვალაშვილს, რომელიც აღნიშნავს გორის სომხური ეკლესიების სამღვდელოება პრივილეგიებით და თავისუფლებით სარგებლობდაო. მას მოაქვს დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, ქართველი მეფეები როგორ წყალობდნენ სომეხ სასულიერო პირებს.

ამას ვერ ვიტყვით ეჯიმიაწინის და საქართველოს სომხური ეპარქიის შესახებ, რომელთა საგარეო საეკლესიო პოლიტიკა შეიძლება ითქვას აგრესიული ხასიათის იყო, ქართული ეკლესიის და მისი მრევლის მიმართ. პ.მურადიანს მოაქვს ცნობა გორში წმ. ღვთისმშობელი და წმ. სტეფანოსის სახელობის სომხური ეკლესიის შესახებ, ეს ორივე ეკლესია ახპატის ეპარქიას ეკუთვნოდაო - წერს მურადიანი და იმის შესაძლებლობასაც უშვებს, რომ წმ.ღვთისმშობლის ეკლესია იყო რეზიდენცია ახპატის „ გორწაკალის“ (ბლაღოჩინი ბ.ა). ამის თქმის საფუძველს აძლევს როსტომ მეფის 1640წელს გაცემული სიგელი „გორწაკალი“ ტერ-გრიგორას სახელზე და მის სულიერ ძმებზე.

საინტერესო ცნობა აქვს იტალიელ მისიონერ დონ პეტრო ავიტაბელას მოხსენებით ბარათში (1633წ.1. X). სპარსთა მიერ გორის აღების შემდეგი მდგომარეობა აქვს აღწერილი. იგი წერს ციხე-სიმაგრეში მდებარე ქართული ეკლესია მეჩეთად გადააქციეს, ხოლო სომხური ეკლესია კიდევ უარესი ცხენების თავლად გამოუყენებიათ.

პ.მურადიანი კომენტარს უკეთებს ამ ცნობას და ფიქრობს ეს უნდა ყოფილიყო წმ.ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც კასტელის ნახატზე ციხის სამხრეთ ფერდობზე, რომ ჩანს ჯვრის ფორმით და გუმბათით, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ელ. მამისთვალაშვილი და ვიტყვი სამართლიანადაც. იგი წერს „მართალია კასტელის ნახატზე გამოსახულ ეკლესიას „სომხური ეკლესია“ აწერია, მაგრამ მინაწერის სისწორე საეჭვო ხდება სხვადასხვა წყაროს მონაცემებით: ჯერ ერთი ფ.გოგრიჯანიძის მონათხრობის მიხედვით, იმ ადგილას ჩახრუხაძის ეკლესია უნდა ყოფილიყო, მეორეც შეიძლება ადრე იქ მართლაც იდგა სომხური ეკლესია, რომელიც შემდეგ მოისპო, მაგრამ ღვთისმშობლის არ უნდა ყოფილიყო. ღვთისმშობლის ეკლესია 1802წ. გეგმის მიხედვით იდგა ბ.ჯუღაშვილის და აკ.წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე.

მაგრამ მთავარი ეს არ არის, საქმე იმაშია,რომ არ ვიცით როდის აშენდა და რომელი ქართველი მეფის მიერ გაცემული სიგელის საფუძველზეა აგებული გორის წმ.ღვთისმშობლის ეკლესია. შემორჩენილია ლ.მელიქსეთ-ბეგის მიერ გადმოღებული მასზე არსებული სომხური წარწერა: „1110 წელს (1661), სპარსეთის შაჰის შაჰ-აბასის მეფობის, შაჰნავაზ-ხანის ბაგრატიდის, იაკობის კათალიკოსობის და არქი-ეპისკოპოს ბარსეღა...

პ.მურადიანი კომენტარს უკეთებს ამ წარწერას და აღნიშნავს “ О чем должна была идти речь в основной части надписи, которая оказалась не высеченной, не известно. Как правило так начинаются тексты строительных или дарственных грамот. Церковь была построена задолго до указанной в надписи даты, поэтому в ней должно было сообщаться о чем-то другом . ამ წარწერის მიღება რაიმე საბუთად მით უმეტეს ქტიტორულ წარწერად შეუძლებელია, რადგან მასში არ არის აღნიშნული რომელიმე ქართველი მეფის მიერ გაცემული ნებართვა გორის წმ. ღვთისმშობლის აშენების შესახებ.

როდის აშენდა ეს ეკლესია დაუდგენელია. ამ ეკლესიის წარწერის ფრაგმენტის (1661) შესახებ უკვე ავღნიშნეთ. ერთ სომხურ ჰიშატაკარანში (1469) გორელი გადამწერი გრიგორი წმ. ღვთისმშობლის ეკლესიას „თუმანეც“-ის თუმანოვის თუმანიშვილის ეკლესიას უწოდებს. აქედან გამომდინარე მურადიანი ფიქრობს მისი ამშენებლები თუმანოვები- თუმანიშვილები იყვნენო. იგი პარალელს ავლებს ანისის „ონენცის“ „ეკლესიასთან.“ ეს მაგალითი არ გამოდგება იმისთვის, რომ გორის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლებად თუმანოვები გამოვაცხადოთ, რადგან „ონენცი“ იყო ქალკედონიტი და მისი აშენებული ეკლესიაც ანსში ქალკედონიური გახლდა, რასაც ვერ ვიტყვით გორის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ. ესეც არ იყოს სომეხი ბერის შემთხვევითი მინაწერი თუ მას სხვა მყარი საბუთი არ უმაგრებს ზურგს, არ იძლევა საფუძველს გორის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის ამშენებლებად თუმანოვები გამოვაცხადოთ.

ამდენად, ეპ.მირზახანიანის სიაში გორის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის შეტანა ფაქტებზე ძალდატანებად მიგვაჩნია.

ელ. მამისთვალაშვილი ვარაუდობს, რომ წმ. ღვთსმშობლის ეკლესია ხალხში ცნობილი იყო ყოვლადწმინდანის სახელით. მას მოაქვს 1684 წლით დათარიღებული საბუთი, რომლის მიხედვით დეკანოზ ტერ-ყაზარას ასტრახანიდან ჩამოტანილი საეკლესიო ნივთები შუა გაუყვია და ნახევარ თუმანიანის ყოვლადწმინდის ეკლესიისთვის გადაუცია. მას სხვა მასალაც მოაქვს, მაგრამ ამით წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის თუმანოვების ამშენებლად გამოცხადება ვფიქრობთ არ მტკიცდება.
ჩვენი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ეკლესია მოგვიანებით შეიძლება თუმანოვების გახდა.

რაც შეეხება წმ.სტეფანოსის (ძველი) ეკლესიას ეპ.მირზახანიანის სიის თანახმად „აღდგენილი“ ყოფილა 1661წ. აშენების თარიღი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ლ.მელიქსეთ-ბეგს გადმოუღია მასზე არსებული 1708წლის სომხური წარწერა. ამ წარწერის მიხედვით მისი აშენების თარიღი არ დგინდება. ელ. მამისთვალაშვილს მოაქვს, აგრეთვე, 1602წლის სომხურ ხელნაწერზე მინაწერი, რომლის ავტორი რტაკესი ლოცავს ამ ეკლესიის მშენებელს, მაგრამ სახელს არ მიუთითებს, როგორც ირკვევა ამ ეკლესიაში ხდებოდა სომხურ ხელნაწერთა გადაწერა, აკინძვა და ა. შ

ეპ.მირზახანიანის სიაშია, ასევე, გორის „სურბ-ჰამბარძუმის ეკლესია 1790-1795წ.წ.“
ამ ეკლესიის სომხურ მხარეს გადაცემა, რომ დასაბუთდეს, საჭიროა წარმოდგენილი იქნას ქართველი მეფის სიგელი, ნებართვა მათი აშენების თაობაზე.



გორიჯვარი

ამ ეკლესიაზე არის წარწერა „ზაფხულში (940)- 1491წ. მე ჯალაპიმ აღვაშენე ეს ეკლესია ჩემი მშობლების და ძმების სახელზე, სულის საცხონებლად“.

ამ წარწერის მიხედვით მურადიანი ფიქრობს, სომხები აქ ეკლესიის აგებამდე, ადრეული ხანიდან ცხოვრობდნენო. ასეა თუ ისე გორიჯვრის ამ ეკლესიის ამშენებელი ყოფილა ჯალაპი (ქართველები ჩალაბანდის საყდარს ეძახიან პ.მ). მაგრამ საჭიროა სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს ამ მხარის მფლობელების, თავად ამილახვრების რომელიმე წარმომადგენლის სიგელი, ნებართვა ჯალაპის მიერ ეკლესიის აშენების თაობაზე.

ქართლს და კახეთს ჰყავდა მეფეები, თავადები, რომელთა ნებართვის გარეშე არამც თუ სომხური, ქართული ეკლესიაც კი ვერ აშენდებოდა.

ზოგიერთ სომეხ მკვლევარს ამ დროის ქართლ-კახეთი ნინიას ბაღად წარმოუდგენია, სადაც ვისაც რა მოეპრიანებოდა იმას აკეთებდა და აშენებდა.

ეს ასე არ იყო!


ტყვიავი

ეპ.მირზახანიანის სიაშია სოფ.ტყვიავი „ სურბ-ნშანის (ძელი ჭეშმარიტი) ეკლესია, სომხური სასაფლაოს ტერიტორიაზე (1461)“.

სოფ. ტყვიავი ეკუთვნოდა თავად მაჩაბლებს. ჩვენი ოპონენტები თუ არ წარმოადგენენ ამ საგვარეულოს რომელიმე წარმომადგენლის ნებართვას ამ ეკლესიის აგების თაობაზე, მისი ისე გადაცემა, ვფიქრობთ, არ შეიძლება.

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები