საზოგადოება

სოფელ ითხვისში XII-XIII საუკუნეების ნასახლარი აღმოაჩინეს

24.07.20 10:15


ჭიათურის მუნიციპატეტის სოფელ ითხვისში XII-XIII საუკუნეების ნასახლარი აღმოაჩინეს.

როგორც არქეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელმა ზურა ბრაგვაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, ნასახლარი საკმაოდ დიდ ტერიტორიას, დაახლოებით 10-15 ჰექტარს მოიცავს და შეიძლება ქუთაისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაც კი ყოფილიყო.

ბრაგვაძის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ნასახლარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი კვალია აღმოჩენილი. მათ შორის არის მარანი, სადაც აღმოჩენილია 10 ქვევრი, ნაგებობის კედლები, კერამიკის არტეფაქტები, რკინის და ბრინჯაოს იარაღები და სხვა.

“ნასახლარი დაახლოებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, რომელიც, სავარაუდოდ, მიწისძვრის შედეგად განადგურდა, რადგან ამ პერიოდში ზემო იმერეთში გარეშე მტრების შემოსევის კვალი არ ფიქსირდება. ამასთან, მეცამეტე საუკუნის ბოლოს, 1 283 წელს, მოხდა მიწისძვრა, რომელიც ჟამთაღმწერელთა თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ბევრი დასახლება გაანადგურა”, – განმარტავს ბრაგვაძე.

მისი თქმით, არქეოლოგიური ძეგლი ორი ნაწილისგან შედგება. ერთია დასახლება, რომელიც ქვის დიდი ლოდებით არის ნაგები, მეორე კი, დასახლებასთან ახლოს მდებარე მარანი, რომელიც XII-XIII საუკუნით თარიღდება. უშუალოდ მარნის ტერიტორიაზე კი აღმოჩენილია ორი პერიოდის არტეფაქტები, ნაწილი ადრეული შუასაუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი XII-XIII საუკუნეებს ეკუთვნის.

არქეოლოგის განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონრეტულად რა დანიშნულების ნასახლარია აღმოჩენილი, თუმცა ამის დასადგენად კვლევები უკვე მიმდინარეობს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები