პოლიტიკა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე მოსახლეობის გამოკვლევა მიმდინარეობს

12.08.20 15:49


ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე მოსახლეობის გამოკვლევა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პისიარ“ ტესტირებას დაბა სტეფანწმინდის, სოფლების – გარბანის და არშას ყველა მცხოვრებს ჩაუტარებენ. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი და ამის შემდეგ გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დამატებით ზომებს რაიონში.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ლარსის გამშვები პუნქტის შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა, მათგან ყაზბეგის რაიონის მცხოვრები სამი პირია და ისინი სწორედ აღნიშნულ დასახლებებში ცხოვრობენ.

 

მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი კუკულაძე აცხადებს, რომ ბევრი კონტაქტი არ არის გამოსაკვლევი.

 

„მთელი სოფელი იქნება დატესტილი, დაიტესტება პოლიმერულ ჯაჭვურ რეაქციაზე. დამატებით ტარდება თერმოსკრინინგი და პასუხების მიღების შემდეგ მივიღებთ დამატებით ზომებს. კონტაქტირებულები არ არის ბევრი, ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისი სტრუქტურები დამატებით ახდენენ მონიტორინგს. ოთხი კონტაქტირებული გვყავს ამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე არის შვიდი დადასტურებული შემთხვევა, სამი არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან“, – აცხადებს ბადრი კუკულაძე.

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად ეპიდემიოლოგები, როგორც რეგიონული, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ატარებენ ეპიდკვლევით სამუშაოებს.

 

„ეს გულისხმობს ბიოლოგიური ნიმუშების აღებას, კონტაქტების დადგენას, თერმოსკრინინგს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და დამატებითი ინფორმაცია გვეცოდინება ლაბორატორიების შედეგების მიღების შემდეგ. წინასწარ ძალიან რთულია ამ სიტუაციაში რამის თქმა, ტესტების პასუხების შემდეგ დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები“, – აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები