პოლიტიკა

უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ მიაჩნია, ყველაზე დიდ საფრთხედ – რუსეთი: IRI

13.08.20 11:15


IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია, ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ კი – რუსეთი. ამასთან, უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს.

გამოკითხულთა 65%-ის აზრით, აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია, 51%-ის აზრით – ევროკავშირი, 22%-ის აზრით კი – უკრაინა. 51% აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად მიიჩნევს. მეორე ადგილზე ევროკავშირია 35%-ით, მესამე პოზიციას კი უკრაინა იკავებს 18%-ით.

82%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია, 70% კი მას ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

რაც შეეხება დამოკიდებულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით: 78% ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს. აქედან 56% იდეას სრულად ემხრობა, რაც 5%-ით მეტია წინა კვლევასთან შედარებით.

ნატო-ში გაწევრიანების სარგებლად მოქალაქეები ყველაზე ხშირად ასახელებენ თავდაცვას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს.

ამასთან, 51% ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსს მხოლოდ მაშინ უნდა შეუერთდეს, როცა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა სრულად გადაიჭრება, 30% კი ემხრობა, რომ ეს მანამდეც მოხდეს.

ნატო-ს მსგავსად, გაზრდილია მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებითაც: აღნიშნულს 87%-იანი მხარდაჭერა აქვს. აქედან 64% ევროგაერთიანებაში ქვეყნის გაწევრიანებას სრულად ემხრობა – 5%-ით მეტი, ვიდრე წინა ჯერზე.

კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 72% ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია ისევ გრძელდება. გამოკითხულთა 75% ემხრობა დიალოგს რუსეთთან:აქედან იდეას სრულად ემხრობა 40%, რაც 8%-ით ნაკლებია წინა კვლევის ანალოგიურ მონაცემზე.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები