პოლიტიკა

როგორ გამოვლენ არჩევნებში “ოცნების” პარტნიორი პარტიები

13.08.20 13:20


“ქართული ოცნების” პარტნიორი “მწვანეთა პარტია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე კი ვაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

“მწვანეთა პარტიამ” მიიღო გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად იყაროს არჩევნებში კენჭი.

მაჟორიტარობის კანდიდატებს დავაყენებთ აბსოლუტურად ყველა ოლქში. ასევე, მონაწილეობას მივიღებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. თბილისში კანდიდატების წარდგენა 1 კვირაში გაიმართება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძე 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” პარტიული სიით გახდა. გაჩეჩილაძის თქმით, ასეთი შეთავაზება “ქართული ოცნებისგან” ამჯერად არ მიუღია.

იგი მიიჩნევს, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში “არავითარი კოალიციური მთავრობა არ იქნება”, თუმცა თუ კრიზისის ნიშნები შეიქმნა და მთავრობის ფორმირება გაჭირდა, ახალი საპარლამენტო არჩევნების თავიდან ასარიდებლად მზადაა, კოალიციაში შევიდეს “გარკვეული პირობების ფარგლებში”. გაჩეჩილაძე არ აკონკრეტებს, განიხილავს თუ არა თავს “ქართულ ოცნების” შესაძლო კოალიციაში, თუმცა თანამშრომლობას გამორიცხავს როგორც ღიად რუსული ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებთან, ისე “ფარულად გამოხატულ რუსულ რბილ ძალასთან”. ასეთებად გაჩეჩილაძე “ნაციონალურ მოძრაობას” და მის განშტოებებს” მიიჩნევს.

“მწვანეთა პარტია” სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლებს მხოლოდ თემატურად, იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიასთან იქნება თანხვედრაში”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

“მწვანეებისგან” განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძეს სურს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია “ქართული ოცნების” სიით გავიდეს. ნოზაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ “მრეწველთა” პარტიაზე არ არის დამოკიდებული და “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები მიმდინარეობს.

“ამ საკითხზე, ძირითადად, პარტიის ხელმძღვანელი ბირთვი – გოგი თოფაძე და ტყემალაძე – მუშაობს. მე მათ ვუთხარი ჩემი მოსაზრება – დიდი სურვილი მაქვს, რომ “ოცნების” სიაში გავიდეთ, თუკი ამას “ოცნების” ლიდერები დასთანხმდებიან, თუ არადა, საფიქრებელია, რა ორგანიზაციული რესურსით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. საკრებულოების დიდ ნაწილში გვაქვს ფრაქციები და გვყავს საკმაო ძალა, ორგანიზებულად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, რა ფორმით იქნება “მრეწველები” წარმოდგენილი არჩევნებზე და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები უშუალოდ ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით”, – ამბობს ნოზაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამ დროისთვის “ქართული ოცნების” გარდა, ორი პარტიის – “მრეწველებისა” და “მწვანეთა პარტიის” – წევრები ირიცხებიან. საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას “კონსერვატიული პარტია”, რომლის წევრებმაც “ქართული ოცნების” უმრავლესობა პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების შემდეგ დატოვეს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები