პოლიტიკა

თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტი კახაბერ ქემოკლიძისა და ნათია სესკურიას ერთობლივ სტატიას აქვეყნებს - აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო რუსული აგრესიის წინაშე დგას

13.08.20 14:20


თავდაცვითი კვლვების სამეფო ინსტიტუტი საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტ RUSI-ის ასოცირებული მკვლევრის, ნათია სესკურიას სტატიას ავრცელებს.

როგორც სამეფო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ასრულებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების დარღვევას კვლავ განაგრძობს.

„2020 წლის აგვისტოში შესრულდა 12 წელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თუმცა მოსკოვი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას განაგრძობს. ამ დღეს, 12 წლის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც არის მოწოდება „რუსული ჯარების გაყვანისკენ 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ განთავსების ხაზზე“ და ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ. თუმცა ათწლეულის შემდეგაც რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების და სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების დარღვევას, ახორციელებს რა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე მეტის- აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას, ასევე ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ამ ტერიტორიებზე და ატარებს „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის შემდგომ მცოცავ ოკუპაციას. ხუთდღიანი ომი, რომლის დროსაც რუსულმა ჯარებმა განახორციელეს სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმა საქართველოზე, მსოფლიოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ომმა შედეგად მოიტანა 150 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის იძულებით გადაადგილება და 169 სამხედრო პირის, 14 პოლიციელის და 288 მოქალაქის სიკვდილი. კრემლის პროპაგანდა ცდილობდა ამ მოქმედებების ლეგიტიმაციას და აცხადებდა, რომ სწორედ საქართველომ წამოიწყო ომი, თუმცა ნათელია, რომ მომზადება სამხედრო თავდასხმისთვის დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე ბევრად ადრე და, ძირითადად, გამოწვეული იყო კრემლის მარცხით საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების და საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის შეცვლასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ სტატიებში.

ამასთან, სტატიის მიხედვით, აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველო რუსულ ორბიტაზე დაებრუნებინა. მეტიც, აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოში რუსის დაბრუნება გამორიცხულია.

თავდაცვითი კვლვების სამეფო ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რაც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.

„და მაინც, ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის და პოლიტიკური შედეგების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო მთავარი მიზნის მიღწევა, დაებრუნებინა საქართველო რუსულ ორბიტაზე. მართლაც, ამ ომმა მხოლოდ ის დაგვანახა, რომ დაბრუნება გამორიცხულია.

მაშინ, როცა დასავლეთი გვთავაზობს ეკონომიკური კეთილდღეობის პერსპექტივას, დემოკრატიულ მომავალს ძლიერი ინსტიტუტებით და უსაფრთხოებას, რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი, გარდა აგრესიისა და ეკონომიკური ჩამორჩენილობისა. ასე რომ, ომის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ცხადზე ცხადია. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეოპოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტი და წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას საქართველოს სახელმწიფოსთვის და ქართველო ხალხის უმრავლესობის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს. 12 წლის შემდეგაც, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, გამოიყენოს ათასგვარი ტრადიციული თუ არატრადიციული მეთოდი საქართველოს სუვერენიტეტის და შიდა სტაბილურობის შესარყევად, ქვეყანა დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს თუ დავესესხებით, „დღეს საქართველოში უფრო მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე“. საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, უპასუხოს ნატოს სტანდარდს თავდაცვის მიზნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა გაზარდოს ქვეყნის მზადყოფნის და ალიანსთან ურთიერთქმედების ხარისხი. ეს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ასახულია რეგულარულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში: Agile Spirit, Noble Partner და Sea Breeze.

გარდა ამისა, საქართველო არის არა მხოლოდ ნატოსთან პარტნიორობის დადებითი მხარეებით მოსარგებლე, არამედ აქტიური წვლილის შემტანიც ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში, რომელთა მიზანიცაა გლობალურ ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის გამყარება. საქართველო არის ავღანეთის მისიაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ასე რომ, ომის მე-12 წლისთავზე რუსეთი დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც აგრესორი, ხოლო საქართველო წინ მიიწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

თავდაცვითი კვლვების სამეფო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის შესახებ საკმაოდ ვრცლად არის საუბარი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, „ბორდერიზაციის“ უარყოფითი გავლენა ადგილობრივ მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და ოჯახებს ერთმანეთს აშორებს.

ამასთან, სტატიის მიხედვით, რუსეთი დღესაც უარყოფს იმას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით არაორაზროვნად დადგინდა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტის მონაწილე მხარეა.

„რუსული აგრესია გრძელდება ნატოსთან პარტნიორობის და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიუხედავად, საქართველო ყოველდღიურად დგას რუსული აგრესიის წინაშე, რადგან „ომი“ სულაც არ დამთავრებულა. რუსეთი აგრძელებს მზარდ მილიტარიზაციას საქართველოს მიწა-წყალზე და მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების შემდგომ მიტაცებას, როგორც ამას ადასტურებს მისი „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა. საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე „გადასასვლელი პუნქტების“ დახურვის მავნებელი პრაქტიკა იწვევს ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის შემდგომ გაუარესებას.

„ბორდერიზაციის“ უარყოფითი გავლენა აისახება ადგილობრივ მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ერთმანეთს აშორებს ოჯახებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოქალაქეთა დაპატიმრება. ასევე გვაქვს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ძალების მიერ მკვლელობის ფაქტებიც. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმებით არაორაზროვნად დადგინდა, რომ რუსეთი არის ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე, მოსკოვი დღესაც უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ კონფლიქტში მხოლოდ მშვიდობისმყოფლის და „ჰუმანიტარულ მხარის“ როლში გამოდის. არსებითად, კრემლის მიზანია ტერმინის „ახალი რეალობა“ დამკვიდრებას, რომლის მიხედვით საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში იქმნება ორი ახალი „დამოუკიდებელი“ სახელმწიფო. გარდა ამისა, მოსკოვი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და არ აძლევს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს (მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას. საწყის ეტაპზე გამოყენებული ტრადიციული მეთოდებიდან რუსეთი სულ უფრო აქტიურად გადადის ჰიბრიდული ომის მეთოდებზე (მაგალითად, „მართვადი ქაოსი“, ფინანსური და ეკონომიკური მანიპულაციები და დეზინფორმაციის გავრცელება), რაც აძლევს კრემლს საშუალებას, მიაღწიოს თავის მიზნებს უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით.

საქართველო ასევე წარმოადგენს რუსული დეზინფორმაციის და სახელისუფლებლო თუ არასამთავრობო დაწესებულებების წინააღმდეგ მიმართული რეგულარული კიბერშეტევების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია ნატოსა და დასავლეთის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და რუსეთის წარმოჩენა მხოლოდ კულტურული, რელიგიური და ღირებულებებზე დაფუძნებული „ნამდვილი მოკავშირის“ როლში. თუმცა, მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გათვალისწინებით, რუსული პროპაგანდა ძალას ვერ იკრებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

თავდაცვითი კვლვების სამეფო ინსტიტუტის მიერ გავრცელებული სტატიის დასასრულს ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერა დღეს ისეთი აუცილებელია, როგორც არასდროს.

სტატიის მიხედვით, საქართველო და უკრაინა რუსეთის ფედერაციის სამიზნეს წარმოადგენს.

მეტიც, როგორც თავდაცვითი კვლვების სამეფო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სწორედ 2008 წელს რუსული საფრთხის არასათანადოდ დაფასებამ განაპირობა მოგვიანებით უკრაინაში მომხდარი მოვლენები.

„ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, წარმოადგენენ რუსული აგრესიის მთავარ სამიზნეებს და მათ დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სჭირდებათ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა. 2014 წელს საერთაშორისო საზოგადოება აღაშფოთა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიამ ჰიბრიდული მეთოდების და აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენციის მეშვეობით, თუმცა ბევრს ამ დროს აღარ ახსოვდა საქართველოს გამოცდილებიდან გამოტანილი გაკვეთილები. არსებითად, სწორედ 2008 წელს რუსული საფრთხის არასათანადოდ დაფასებამ განაპირობა უკრაინაში მოგვიანებით მომხდარი მოვლენები. დღეს კი კითხვა ასე ჟღერს: ვინ შეეწირება შემდეგი კრემლის იმპერიალისტურ ამბიციებს? რუსეთის მიმდინარე აგრესია ძალიან სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის ფარგლებშიც კრემლს გადაწყვეტილი აქვს თავისი „გავლენის სფეროების“ დაცვა. შესაბამისად, აგვისტოს ომი არის გაფრთხილება: თუკი დავივიწყებთ წარსულს, რუსული აგრესიის შემდეგი გამოვლინება მხოლოდ დროის ამბავია“, – ნათქვამია სტატიაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები