პოლიტიკა

«Эхо» (აზერბაიჯანი): საქართველო-სომხეთი; ვიზიტი სკანდალის ფონზე

07.09.16 17:50


აზერბაიჯანულ პრესაში, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტმა სომხეთში. ბაქოს გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ქართველი ლიდერის შეხვედრები და მოლაპარაკებები სომეხ კოლეგა ოვიკ აბრამიანთან, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

„სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამას წინათ მთიან ყარაბაღში მომხდარი სკანდალის ფონზე განხორციელდა: როგორც ცნობილია, ხანკენდში (სტეფანაკერტში) სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდა და ესაუბრა“ - აღნიშნულია სტატიაში, - „ამ ფაქტს აფხაზური მხარე და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი ფოტომასალებითაც ადასტურებენ“.

„პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის შეხვედრა სოხუმელ და ცხინვალელ სეპარატისტებთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში ამის თაობაზე რაღაც დასკვნა უნდა გააკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩვენთვის მოძმე და მოკავშირე ქვეყანაა, თბილისმა სომხეთი აზერბაიჯანის თანასწორ დონეზე მაინც არ უნდა დააყენოს. ერევანი მხარს უჭერს სეპარატიზმს, მფარველობს ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“, რომელიც თავის მხრივ, მხარს უჭერს მისსავე მსგავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრივ“ წარმონაქმნებს. [თბილისის პოზიცია] პოლიტიკური დაახლოების ხელშემშლელი ფაქტორია“, - ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფიკრეტ სადიხოვი. თუმცა, როგორც ექსპერტი მიიჩნევს, „საქართველოს, ეტყობა, რაღაც ინტერესები აქვს, რაც თბილისს ერევანთან კავშირებისაკენ უბიძგებს. ამასთან, ამ ურთიერთობას ორივე მხარისათვის რაიმე ეკონომიკურ თუ სტრატეგიული სარგებლობის მომტანს მაინც ვერ ვუწოდებ. როგორც ჩანს, საქართველო სომხეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების სამომავლოდ შენარჩუნებას ცდილობს“.

„მხარეები მოლაპარაკების დროს ძირითადად ვაჭრობის საკითხებს იხილავენ ხოლმე, რადგან მათ ერთმანეთთან დასაახლოებლად პოლიტიკური ფაქტორი არ არსებობს: საქართველო არ მონაწილეობს დსთ-ის ჩარჩოებში გამართულ ღონისძიებებში, და თბილისი, ერევნისაგან განსხვავებით, ევრაზიული კავშირის წევრი არაა. საქართველოს თავისი საგარეოპოლიტიკური კურსი აქვს არჩეული, რომელიც უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული. ამ შემთხვევაში ურთიერთსაზიარო ინტერესების სფერო ძალიან ვიწროა, რომ ერევანს რაიმე იმედები ჰქონდეს“, - ასეთია ბაქოელი ექსპერტის აზრი.


წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები