საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

13.08.20 16:40


მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„გორგასალის ქუჩიდან გამსახურდიას სანაპიროზე მოხვედრა, ისევე, როგორც გამსახურდიას სანაპიროდან კრწანისის მოედნის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გორგასალის ქუჩის გავლით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად.

გორგასალის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება ოთხ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროსკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ორი ზოლიდან ერთი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმობა, ხოლო მეორე – კერძო ავტომობილებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი იმოძრავებს ორ ზოლში.

გამსახურდიას სანაპიროზე ორივე მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტს თითო ზოლი დაეთმობა. მეტეხის ხიდიდან გორგასალის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის კი მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები