პოლიტიკა

გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ესაუბრა

14.08.20 10:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან მაღალი დონის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.

აგრეთვე, გიორგი გახარიამ ადამ ბოელერთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ამის კარგი მაგალითია პანდემიის პირობებში, ფოთის პორტში, „პეის ტერმინალის“ დაფინანსება. პრემიერმა აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის, მათ შორის, როგორიცაა საქართველოს ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა, საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვ.

თავის მხრივ, ადამ ბოელერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. მისი თქმით, ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა. გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.

საუბარი შეეხო DFC-ის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში, რომელმაც შესაძლოა დაფაროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. ითქვა, რომ საქართველოში DFC-ს არა მხოლოდ უმსხვილესი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავს.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ჭრილში კერძო საინვესტიციო ფონდების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

ვიდეოკონფერენიაში DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ქელებ მაკკერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი მონაწილეობდნენ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები