პოლიტიკა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ

14.08.20 14:40


„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები საქართველოს მასშტაბით, მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა, დღეს - იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში გაიმართა.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, საქართველოში ორპოლუსიანი პოლიტიკური პლატფორმა არსებობს, რომელიც უნდა დასრულდეს, „ამ დასასრულს კი, პატრიოტულმა ძალებმა უნდა შეუწყონ ხელი“.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, საქართველოს მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კინკლაობას უკვე 8 წელია უყურებს, რომელიც ურთიერთლანძღვისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ, კატეგორიულად ვემიჯნებით ასეთ დამოკიდებულებას და ვაცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე ძალადობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მხარდამჭერებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ოქტომბრის არჩევნებში პატრიოტულ ძალებს მეტი პოლიტიკური ასპარეზი მიეცეთ და ეს აუცილებლად მოხდება საპარლამენტო ტრიბუნიდან“,- განაცხადა კახა კუკავამ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე „თავისუფალი საქართველოს“ ემიგრანტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაია როხვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში უიმედობის დრო უნდა დამთავრდეს.

„ჩვენი ქვეყანა ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება, უამრავი ადამიანი იმყოფება ემიგრაციაში იმის გამო, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები გამოკვებონ. ეს უნდა დამთავრდეს და ამის დასასრულის დასაწყისი, ქართველი ხალხის არჩევანი იქნება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოების გულშემატკივარ ძალას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა მაია როხვაძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები