პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ჩვენ ხელისუფლებას და პარტიას დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ ჰყავს

14.08.20 16:40


ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ჩვენ ხელისუფლებას და პარტიას ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ ჰყავს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.

„მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურები ვართ. ბუნებრივია, ჩვენ შეცდომები მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის და აღიარების უნარი და ამ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობაც. ჩვენი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ამ მთავარ მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.

ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება. ჩვენი მთავარი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკა, უმშევრობა და სიღარიბე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას არ მოუტანია. ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა, ყოველთვის აპელირებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი იყო იდეალურად და 2012 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანად დაინგრა. ეს არის ის ნარატივი და ტყუილი, რასაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ. 30 წლის განმავლობაში ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელებით ვანგრევდით ეკონომიკას და ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნიდით უამრავ პრობლემას და სწორედ ამ უგუნური პოლიტიკის შედეგია ის, რაც აგვისტოს ომის შემდგომ მოხდა ქვეყანაში.

მე მინდა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო დავით სონღულაშვილს, რომელიც არის პარლამენტის გამორჩეული წევრი. მე მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება ამ რეგიონის მოსახლეობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან 28 წლის თავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა ქვეყნის ისტორიაში.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული 10 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, ომი გაგრძელდა 13 თვეს და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. მე ეს შემთხვევით არ მიხსენებია, ეს არის თითოეულის ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ შეცდომა. საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგუნურმა ხელისუფლებამ ქვეყანას ვერ აარიდა ის უბედურება და ნგრევა, რაც გამოიწვია აგვისტოს ომმა. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დამატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები