ეკონომიკა

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.3%-ით გაიზარდა

17.08.20 17:00


დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 1 310.8 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2018 წლის მონაცემებს 0.3 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლიდან 2019 წლამდე დაფიქსირდა 2017 წელს, 2018 წელს კი ამ მონაცემმა 34%-ით დაიკლო. რაც შეეხება 2020 წელს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაზუსტებული ინფორმაციით 171 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4 პროცენტი შეადგინა. 2018 წელს კი რეინვესტიციის წილი 33.2 %-ს შეადგენდა.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ყველაზე მსხვილი ინვენტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა (18.0%), რომელსაც მოჰყვებიან თურქეთი (13.4%), ირლანდია (10.2%), ამერიკის შეერთებული შტატები (8.5%) და ნიდერლანდები (7.7%).

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 50.4% შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, რომლის საერთო რაოდენობამ 272.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.8%-ს უტოლდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით მეორე ადგილზე ენერგეტიკის სექტორია, რომელშიც ჩადებული ინვესტიციების რაოდენობამ 261.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მილიონი აშშ დოლარითაა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები