პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი

20.08.20 14:40


„მარტივია ფილოსოფია, რომ სერვისები არ იყოს თავმოყრილი მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში. მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ მოგზაურობა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, როცა კარგი ინიციატივა აქვთ და სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდებათ. ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რაჭაში, პროექტ „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ წარდგენისას განაცხადა.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენ მთელი საქართველო მოვიცავით უპრეცედენტო მშენებლობების პროცესით. დღეს ჩვენ 81 საზოგადოებრივი ცენტრი გვაქვს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ბაღდათში. 1-ელ სექტემბრამდე, იმ 24 იუსტიციის სახლს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, დაემატება ქარელისა და წყალტუბოს იუსტიციის სახლები. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ იუსტიციის სახლები, სოფლებში, მცირე ქალაქებსა და დაბებში ცვლის თქვენს ყოველდღიურობას ბიზნესმენებისთვის, ფერმერებისთვის და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებისთვის.

მომავალ წელს მცხეთას, საგარეჯოსა და წალენჯიხასაც მივხედავთ“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ესაა საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს.

პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეები შეძლებენ ადგილზე ისარგებლონ ინფრასტრუქტურით და შეავსონ განაცხადები, ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ. ამაში სერვისცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან.

ასევე, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ.




წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები