პოლიტიკა

გიორგი გახარიამ, მთავრობის წევრებთან ერთად, „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა

21.08.20 10:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის წევრებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში ღვინის მარანი – „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ბარაკონის“ დირექტორმა, კახაბერ გორდეზიანმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიას ვენახი გაშენებული აქვს სამ ჰექტარ ფართობზე და ძირითადად, მოჰყავს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მეღვინეობა აწარმოებს შემდეგი დასახელების ღვინოებს – „ხვანჭკარა“, „ალექსანდროული“, „წულიკიძის თეთრა“, „უსახელაური“ და „ტვიში“.

მეღვინეობის მფლობელის ინფორმაციით, მარანი ორიენტირებულია ღვინის ტურიზმზე, მათ პირველი სტუმრები 2019 წელს მიიღეს და შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ.

„პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით ხორციელდება და აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მიღება ან კონკრეტული პროგრამით სარგებლობა ფერმერებს დღეიდან ერთ სივრცეში, საცხოვრებელ ადგილზე შეუძლიათ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

გარდა ამისა, პრემიერი მეღვინეობის მფლობელს ესაუბრა პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები და ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

„მეღვინეობა ბარაკონში“ მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები