ეკონომიკა

კახეთში რთველი დაიწყო, უკვე გადამუშავდა 200-ზე მეტი ტონა ყურძენი

26.08.20 13:00


კახეთის რეგიონში რთველი დაიწყო. დღეის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 200-ზე მეტი ტონა, ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციუაშია ნათქვამი.

 

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

 

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, წელს კახეთის რეგიონში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა.

 

„გადამუშავებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინრეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე შეეძლება.

 

მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

 

მათივე ცნობით, „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი, გასული წლის მსგავსად, განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამასთან, ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები