პოლიტიკა

ევროკავშირმა 80 000 ევრო გამოყო წყალდიდობებით დაზარალებულთა დასახმარებლად

26.08.20 16:20


ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავლით, 2020 წლის ივლისის წყალდიდობების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ევრო გამოყო. დახმარება შეეხება 3170 ადამიანს რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში.

 

2020 წლის ივლისის ბოლოს, კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობებმა საქართველოს არაერთ ნაწილში სახლებს და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის 80 000 ევროს გამოყოფენ.

 

„ევროკავშირის ამ დაფინანსების საშუალებით წითელი ჯვარი დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება – როგორც საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებით, ასევე ფულადი მხარდაჭერით.

ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, ვისი სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა“, – წერია პრესრელიზში.

 

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ეს დაფინანსება არის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდში (DREF) ევროკავშირის საერთო შენატანის ნაწილი.

 

„2020 წლის ივლისში მდგომარეობით კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი და კახეთი. რამდენიმე სოფელი იზოლირებული რჩება მას შემდეგ, რაც წყალდიდობებმა მდინარის ნაპირების დამცავი ჯებირები, გზები და ხიდები გაანადგურა. წვიმებმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მეურნეობებსა და ხეხილს, რაც დაზარალებული ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა“, – წერია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები