პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უნდა ვილაპარაკოთ გარეგნულად პროდასავლურ ძალებზე, რომლებსაც არანაკლები რუსული საქმე აქვთ ნაკეთები

26.08.20 16:40


„ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის წითელი ხაზები წითელი ხაზებია და ოკუპანტთან დაკავშირებით, პოზიცია არ გადაიხედება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის საკითხს.

 

მისი თქმით, არ უნდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია დაეყრდნოს.

 

„ვართ ძალიან პრაგმატულები და ხისტები და ვიცით, ვინ ვინ არის. მტერს ჰქვია მტერი და ამ სიტყვის გადახედვაც კი არ იგეგმება, არასდროს. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ასე იფიქრებს და იაზროვნებს, ასე ვფიქრობთ ჩვენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხი, რომლებიც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ და ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენ საქმე გვაქვს ღიად გამოხატულ, დეკლარირებულ პრორუსულ ძალებთან, მეორე შემთხვევაში, არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ის ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ, რომ ისინი პროდასავლელები არიან და მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, რუსულ საქმეებს აკეთებენ.

ყოველთვის გავახსენებ მათ რუსებზე გაყიდულ სტრატეგიულ ობიექტებს, ოკუპანტ ქვეყანაზე, როდესაც ეს ოკუპაცია კიდევ უფრო გამოხატული და ნათელი იყო. კიდევ ერთხელ გავუხსენებ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სადაც ქართველ სამხედროებს, ომიდან ორ თვეში ომის დაწყება დააბრალეს. კიდევ ერთხელ, კითხვაზე პასუხი არ გვაქვს ჩვენ - რა მივიღეთ, როდესაც მათ 2011 წელს მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის ანუ ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და სანაცვლოდ რა მივიღეთ არავინ არ იცის. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ პრორუსულ ძალებზე, რომლებიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ამ ქვეყნისთვის, ამავე დროს უნდა ვილაპარაკოთ იმ ძალებზე, რომლებიც ასე გარეგნულად, პროდასავლელები არიან, მაგრამ მათ არანაკლებ რუსული საქმე აქვთ ნაკეთები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის განცახდებით, კრემლის დავალებით არ გადაუკვეთავთ საზღვარი.

 

„პატრიოტების“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომ აფხაზეთში, ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა.

 

ოკუპირებულ რეგიონში პარტიის წევრების ვიზიტის შემდეგ თანამდებობა დატოვა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, ლაშა საკანიამ.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები