პოლიტიკა

გახარია: სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობა გახლავთ ის, რომ ადამიანებს, რომელთაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველა პირობა ღირსეულად შრომისთვის

31.08.20 15:00


„მოგესალმებით, ხელვაჩაურელებო! დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და საუბარი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ. საერთოდ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების მეორე დღეს, ახლა ყველანი საარჩევნო ციკლში ვართ და განსაკუთრებით უკვე 1-ლი სექტემბრიდან ჩათვალეთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი, მაგრამ როგორც კი 31 ოქტომბერს ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობაა, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველა პირობა, რათა ღირსეულად იშრომონ და არჩინონ საკუთარი ოჯახები და სწორედ, ამიტომ შექმნა სახელმწოფომ სპეციალური პროგრამები, სხვადასხვა მიმართულებებით.

 

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ერთ დონეზეა განვითარებული სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული ეკონომიკა, ტურიზმიც და აქ ბევრი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს. სახელმწიფოს ძირითადი ვალი, მოვალეობა გახლავთ ის, რომ ადამიანებს, რომელთაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველას ის პირობა, რომ ღირსეულად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. სწორედ, ამიტომ შექმნა სახელმწიფომ სხვადასხვა მიმართულებით, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, სპეციალური პროგრამები, თითოეული მოქალაქისთვის - გლეხისთვის, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი, ის, ვინც ინდუსტრიაში მუშაობს, რომ დაიწყოს თავისი ბიზნესი და შექმნას საწარმო. ვინც ტურიზმის მიმართულებით არჩია შრომა, მას შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ შექმნას ტურისტული საწარმო“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

გიორგი გახარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფოს მოვალეობაა წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ფუნქცია, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, წესრიგში მოიყვანოს სისტემური ინფრასტრუქტურა. ის, რომ თქვენთან, აქ, არ უნდა იყოს გაზის, სასმელი წყლის, გზების პრობლემა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, დასრულებულიც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასასრულებელი ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისი თქმით, საქართველოს ბევრ რეგიონში, საირიგაციო წყალი ბოლომდეა მისაყვანი, სკოლებია გასარემონტებელი და ახალი ასაშენებელი.

 

„წლებია ამ პრობლემებზე ვმუშაობთ და თითოეული მოქალაქე ამას ხედავს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ხომ, ზოგიერთებივით, მხოლოდ ფასადურად, პიარს არ ვაკეთებთ, პირიქით, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შემდეგ მოვდივართ თქვენთან და გეუბნებით, რომ მოდით, გავაგრძელოთ ერთად.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ერთად, იმიტომ, რომ ბევრი წამოწყება, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოუტანა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არის დასასრულებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ანზორი, ისევე, როგორც ბატონი ფრიდონი, იქნებიან ერთი - საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და მეორე - აჭარის უმაღლეს საბჭოში, ღირსეული წარმომადგენლები თქვენი მუნიციპალიტეტის. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ ყველგან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გისურვებთ გამარჯვებას!,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები