პოლიტიკა

ანტიკორუფციული სააგენტოს შესაქმნელად დეპუტატებმა კანონპროექტი წარმოადგინეს

01.09.20 13:40


თამარ ჩუგოშვილი და სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ერთიანი უწყების  შექმნის ინიციატივით გამოდიან. პირველ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ კორუფციის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მასთან მებრძოლი ინსტიტუციების სისუსტეზე საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელი შეფასებებიც მიანიშნებს.

 

თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის და ნინო გოგუაძის ინიციატივა კორუფციასთან ბრძოლის სამ მიმართულებას მოიცავს:

 

კორუფციული დანაშაულების გამოძიება;


პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის რეფორმა;


თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი
“ამ ინიციატივის თანახმად, როგორც მიუთითებენ ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ამ მიმართულებით კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. სამივე თემას უნდა კურირებდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო. ეს არის ინიციატივა, რომელიც აუცილებელია, მივიღოთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ გვქონდეს და ამ მიმართულებით მდგომარეობა არ გაგვიუარესდეს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

 

ჩუგოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივას ფართო მხარდაჭერა ექნება, “საპარლამენტო უმრავლესობა სერიოზულად დაფიქრდება ამ ინიციატივაზე და წვლილს შეიტანს მის დამტკიცებაში”.

 

ინიციატივის თანაავტორის, ირინა ფრუიძის თქმით, პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ერთ უწყებაში გაერთიანდება უფლებამოსილებები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ინსტიტუციებშია გაფანტული. ეს კი, მისი აზრით, უკეთესი კოორდინაციის წინაპირობა იქნება.

 

დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, რომელთანაც კანონმდებლები პროექტზე მუშაობისას თანამშრომლობდნენ. ორგანიზაცია დადებითად აფასებს ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის იდეას და ფიქრობს, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, “მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების მიმართულებით”.

 

“საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არის სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი.

აღნიშნული მოდელი წარმატებით არის დანერგილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში.

შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თვისებრივ გაუმჯობესებას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებელს გახდის ე.წ. ელიტური კორუფციის შემთხვევების რეალურ გამოძიებას და მათ პრევენციას”, – წერს ორგანიზაცია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები