ეკონომიკა

ნათია თურნავა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა

04.09.20 15:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, აბდულა ალ-მუტაირმს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.

 

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. 2020 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი 9-ჯერ, 818 პროცენტით გაიზარდა.

 

რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში, 2009–2019 წლებში საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალში ინვესტიციების ოდენობა საუდის არაბეთიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25-ჯერ გაიზარდა. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტის ტექსტზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.

 

ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო დაინტერესებულია, არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღინიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ინტერესი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების პროცესის გააქტიურების შესახებ.

 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე მომავალი არჩევნების შესახებაც.

 

ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2019 წელს საუდის არაბეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების მიხედვით ტოპ-15 ქვეყნიდან მე-12 ადგილზე იყო.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები