პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-ში გაწევრიანება არის ის ერთადერთი თემა, რომელიც დღეს წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებთ

08.09.16 18:45


საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნებისმიერ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, რომელმაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„მე „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მივმართე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, სადაც ვთქვი ერთი რამ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია ხელისუფლებასთან და მთავრობასთან, ნატო-ში გაწევრიანება არის ის ერთადერთი თემა, რომელიც დღეს წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს და ეს არის მათთვის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ეს არის სტრატეგიული ამოცანა, რომლის მიღწევისთვის გვჭირდება ყველა ძალისხმევის გაერთიანება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

დეპუტატის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელიც გამოხატავს ჩვენი პარტნიორების პირდაპირ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„ალიანსის წევრები არ ტოვებენ საქართველოს, ისინი ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნებიან და გამოხატავენ მის მიმართ დიდ მხარდაჭერას, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი არის ის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ქვეყანაში გავაკეთებინოთ საზოგადოებას თავისუფალი არჩევანი, რომელზეც ზეგავლენა არაფერს ექნება. იმ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც ძალიან მომძლავრებულია ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, ეს ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოს პარტნიორები მასზე ფიქრობენ და მზად არიან გვერდში დაუდგნენ, როცა ეს იქნება საჭირო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები