პოლიტიკა

გია ხუხაშვილი - „ოცნების” პირველი ათეული სხვა პარტიების ათეულს დებატებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით რომ შევადაროთ, სუსტად გამოიყურება

08.09.16 19:05


”ქართული ოცნების” პირველი ათეული სხვა პარტიების პირველ ათეულს დებატებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით რომ შევადაროთ სუსტად გამოიყურება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მაჟორიტარები პარტიამ სიით არ დააზღვია, ქართულ პოლიტიკაში კარგი პრეცენდენტია.

”პრინციპი, რომ მაჟორიტარები არ არიან სიაში დაზღვეულები, ანუ მათ სიით დაზღვევაზე პარტიამ უარი თქვა ეს, ჩემი აზრით, კარგი და სწორი ნაბიჯია. ეს მაჟორიტარებს მოტივაციას კიდევ უფრო გაუძლიერებს და უფრო მობილიზებულები იქნებიან. ეს კარგი პრეცენდენტია ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება პირველ ათეულს მე მაინც და მაინც დიდი პრეტენზიები არ მაქვს. პირველ სამ ადამიანზე არ ვსაუბრობ. პირველი სამი ადამიანი გასაგებია. დანარჩენ ადამიანებთან დიდი პრეტენზიები არ მაქვს და ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ თვალშისაცემია, რომ მათი უმრავლესობა საჯარო პოლიტიკისთვის არის ცოდო, რადგან პოლიტიკაში ადამიანების იმპლემენტაცია იწყება მათი ცნობადობის აწევით, მათი საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გარკვეული გამოცდილებით. ამის პრაქტიკა და უნარი მგონი ირინა ფრუიძესა და ნაწილობრივ თამარ ჩუგოშვილს აქვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც წარმატებული. ”ქართული ოცნების” პირველი ათეული სხვა პარტიების პირველ ათეულს დებატებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით რომ შევადაროთ, სუსტად გამოიყურება”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი ასევე ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პირველ ათეულში ყოფნას გამოეხმაურა.

”პირველ ათეულში ნიშანდობლივია ის, რომ კალაძე ვიხილეთ უკვე ოფიციალურად ეს ნიშნავს რომ ის უნდა გადადგეს მინისტრობიდან უახლოეს დღეებში, ესეც გარვეულწილად ნიუსია”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ათეული ცნობილია. სიას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ათეულს კი „ქართული ოცნების“ ახალი სახე ირინა ფრუიძე ასრულებს.

უფრო კონკრეტულად, პარტიის ათეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები