პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - სტაბილური და დაცული საქართველო მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონისთვის

08.09.16 20:30


სტაბილური და დაცული საქართველო მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონისთვის და ასევე გლობალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”უპირველესად მადლობას ვუხდი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ჩამობრძანებისთვის.

საბჭოსთვის ეს უკვე მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც თვალნათლივ აჩვენებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ. მე მჯერა, რომ თანამშრომლობა ღრმავდება და ამ გზაზე ბოლო წერტილი იქნება საქართველოს გაერთიანება ალიანსში. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავაღრმაოთ სვლა ამ მიმართულებით და დაველოდოთ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია ის თანამშრომლობა, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაგრძელებისკენ, სტაბილური და დაცული საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონისთვის და ასევე გლობალურად, რეგიონული თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კასპიისა და შავი რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების განმტკიცება მისცემს შესაძლებლობებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ათეულობით ქვეყანას, დასავლეთით და აღმოსავლეთით.

”ყოველთვის ხაზს ვუსვამდით შავი ზღვის მნიშვნელობას მის აღმოსავლეთ ნაწილში და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების აქ არსებობის გაღრმავებას. ვარშავის კომუნიკეში სწორედ ეს მომენტი იქნა ხაზგასმული და მე მიხარია, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების, როგორც რეგიონული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის თაობაზე მსჯელობებსა და დისკუსიებში. თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობებს იძენს თანამედროვე მსოფლიოში. დღეს საგრძნობლად იზრდება არაკონვენციური ომის საფრთხეები და საქართველო ამ საფრთხეებს თავისი გმირი ჯარისკაცების თანამონაწილეობით საერთაშორისო მისიებში პასუხისმგებლიანად პასუხობს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები