საზოგადოება

მშობლები თბილისის ბაღებიდან საკვების წაღებას კვლავ შეძლებენ

16.09.20 16:00


დედაქალაქის მერი კახა კალაძე N68 საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს გაეცნო. პროდუქტები ერთჯერადად, სააღმზრდელო პროცესის ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით გაიცემა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

კახა კალაძის თქმით, პროდუქტები ისე დარიგდება, რომ ბაღებში რიგები არ დადგეს.

 

„რადგან სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მშობლების იმ კვების პროდუქტებით მომარაგებას, რაც ამ ხნის განმავლობაში უნდა მიეღოთ პატარებს. ანალოგიური პროექტი მარტში წარმატებით განვახორციელეთ. იცით, რომ ბაღებში 60 000-მდე ბავშვია და ყველა მშობელს, რაიონების მიხედვით ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პროდუქტები. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ყველა მათგანმა იცის, რომელ საათზე მოვიდეს, რომ რიგები არ იყოს ბაღებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერთან ერთად ბაღში მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე იმყოფებოდნენ.

 

დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში, მარტიდან ივნისის ჩათვლით პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. პროექტზე 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნობათი, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო.

პროდუქტების გაცემისას დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები