პოლიტიკა

ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება

16.09.20 17:20


ბათუმში მიმდინარე ინტენსიური თერმოსკრინინგი, მათ შორის კომერციულ დაწესებულებებში, კიდევ უფრო გაძლიერდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური საკონტროლო პუნქტები, რაც ბათუმში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგს გულისხმობს, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

მთავრობის მეთაურის დავალებით, ბათუმში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომლებიც საბჭოს სხდომას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეუერთდნენ.

 

ამასთან, ბათუმში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გამკაცრებულია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

 

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების დინამიკა. აღინიშნა, რომ მთავრობა სრულად მართავს ვითარებას, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადება ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, შეზღუდვები და შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება ლოკალურად, კონკრეტულად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ სფეროში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ეპიდემიის გამო კიდევ ერთხელ დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა. მთავრობა მუშაობს, რათა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება ფრთხილი მიდგომები, რათა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეს საკითხი სპეკულაციის საგანი არ გახდეს.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაითვალისწინონ დადგენილი რეგულაციები, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან და ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში შესაბამის უწყებებს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული.

განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები