პოლიტიკა

გიორგი გახარია - არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება

17.09.20 16:00


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ჩაკეტვა აღარ იქნება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკურის, მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო, რომ ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა და ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა, რადგან ვირუსთან დაკავშირებით მაშინ ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქარველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მსგავსი ციფრების მიუხედავად, ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ“,-განაცხადა გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობისძირითადი ამოცანაა ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა და მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა.

 

„დღეს პრიორიტეტუი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს გარკვეული წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია. ეს მარტივი წესებია: პირბადე, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის წესების დაცვა და ასე შემდეგ. ეს ის წესებია, რომელსაც ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ ერთადუნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს“,-განაცხადა გახარიამ.

 

მისი თქმით, საქართველოში მკაცრი, სისტემური შეზღუდვები აღარ იგეგმება.

„მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება“,-განაცხადა გახარიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები