პოლიტიკა

„ენდიაი“ საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

21.09.20 17:40


„ენდიაი“ (NDI) საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს.

 

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

 

მათივე ცნობით, NDI-ს ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.

 

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით,​ NDI-ს საერთაშორისო გრძელვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები