საზოგადოება

ენგურჰესი სარემონტოდ დაიკეტება

09.09.16 17:50


საქართველოს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი 2017 წელს სამი-ოთხი კვირით, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით დაიკეტება გეგმიურ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

ჰიდროელექტროსადგურზე გეგმიური სარემონტო სამუშაოები წესით ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ბოლოს იქ რემონტი 2006 წელს ჩატარდა, რა დროსაც სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება ორი თვით შეწყვიტა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიან ვალიშვილმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ საუბრისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, მხოლოდ გვირაბში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 25 მილიონი იქნება საჭირო, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ვალუტაზეა საუბარი.

„თუ იქ კრიტიკული უბნები გამოვლინდება, მეტი სახსრები და დრო დაგვჭირდება“, — აღნიშნა მან. ვალიშვილის თქმით, წინა წლებში ჰესის რეაბილიტაციისთვის ფულად სახსრებს დონორი ორგანიზაციები გამოყოფდნენ და 2003-2004 წლებში საქართველოს ამ მიზნით 200 მილიონზე მეტი მიიღო.

„ვფიქრობთ, ისინი კვლავაც დაგვიჭერენ მხარს ამ პროექტის რეალიზებაში“, — აღნიშნა მან.

ჰესის დროებით დაკეტვის გათვალისწინებით, აუცილებელი ხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხის გადაჭრა. როგორც ცნობილია. ენგერჰესის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მართვის პულტი დე-ფაქტო მთავრობის მხარეს. „ასეთი რებუსი გვექნება. ექსპლუატაციაში ახალი ჰიდროელექტროსადგურები შევიდა… პრობლემები არ გვექნება, თუმცა, შესაძლოა ცოტა ძვირი გამოვიდეს, რადგან ენგურჰესის ადეკვატური იაფი რესურსი არ გაგვაჩნია და მის შეცვლას ვერ შევძლებთ. თუმცა ეს ჩვენი ელექტროსისტემისთვის დიდი პრობლემა არ იქნება“, — განაცხადა ვალიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჰესი მარტში გაჩერდება, ვინაიდან ამ დროს ის ყველაზე ნაკლები რაოდენობით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგენილი სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები