პოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძე: პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა

09.09.16 18:50


„პაატა ბურჭულაძეს არავითარი გუნდი არ ჰყავს, თუნდაც ერთი კაცი. ამ თვეების განმავლობაში, მას გაუმყარესრწმენა, რომ საკუთარ გუნდს არ უნდა ენდობოდეს. მე გულწრფელად მეცოდება პაატა ბურჭულაძე, რადგან პოლიტიკაში, ამ უმძიმეს სფეროში, ის არავის ენდობა. შესაბამისად, შეუძლებელია მან გუნდი ააშენოს.

რაც შეეხება “ნაციონალებს”, ივლისის თვიდან ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო.

ერთი მხრივ, ის არ ენდობოდა და არ უფრთხილდებოდა საკუთარი გუნდის წევრებს და ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს, მეორე მხრივ, პარტიაში გაჩნდა სერიოზული ფინანსური პრობლემები, დაახლოებით ორთვიანი დავალიანება და გაჩერდა პროცესი, რომელიც აქტიურობის პიკში იყო. მაშინ, როდესაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აქტიურობდა, ჩვენ ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო, შევხვდით ხალხს, შევისწავლეთ პრობლემები და უცებ იწყება სრული ფინანსური კოლაფსი.

ფინანსური კრიზისის პარალელურად, პარტიის შიგნით დაიწყო საუბრები, რომ ძალიან დიდი სიურპრიზების მოლოდინი უნდა ყოფილიყო.

პაატას გარემოცვაში პოლიტიკურად გამოცდილი ძალიან ცოტა ადამიანი იყო, მათ ეგონათ, რომ ის, რასაც ისინი სიურპრიზს ეძახდნენ, ჩვენთვის ბოლომდე დარჩებოდა სიურპრიზად. ფაქტობრივად, მათ დაიწყეს თამაში და ამ თამაშით, იმ გუნდის, რომელიც პირველივე დღეებიდან პაატასთან ერთად მოდიოდა, გვერდზე დატოვება უნდოდათ. ეს ძალიან ცხადი იყო, ეს საქართველოა და მოგეხსენებათ, რომ ინფორმაცია ჟონავს. ივლისშივე ცხადი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გირჩთან“ და მის გარშემო ფორმირებულ კოალიციასთან. ამ ფონზე, რეგიონებში, თბილისში და ახალგაზრდულ მოძრაობაში ჩვენი პარტიიდან საუკეთესო ბირთვის გადინება დაიწყო.

საერთოდ გაჩერდა ყველაფერი, რეიტინგმა ვარდნა დაიწყო, პარტიული აქტივობა დავიდა ნულზე. ადამიანები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ, გვითხარით, რა გავაკეთოთ, არ გვინდა ფულიო, მაგრამ ყველაფერი გაყინული იყო ამ ერთგვარი სიურპრიზის მოლოდინში. ეს სიურპრიზიც დადგა – ეს იყო ნაციონალებთან გაერთიანება.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაფორმალურად ეს ინფორმაცია გვქონდა, ბოლო წუთამდე, რეალურად, მას არავინ არ ამჟღავნებდა. არავისთვის არ უკითხავთ, უნდოდა თუ არა პაატა ბურჭულაძის იმ ახალ თაობას, რომლითაც ის უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, ნაციონალებთან გაიგივება და შერწყმა. ლაპარაკია იმ ნაციონალებზე, რომლებმაც კი არმოინანიეს ის, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, არამედ გაიყიდნენ. მაშინ ხომ იყვნენ თანაავტორები, განსაკუთრებით იმ აბსოლუტური უმსგავსობის, რაც სასამართლო და საკანონმდებლო სისტემაში ხდებოდა, მონანიების გამო კი არ წამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობისდან“, წამოვიდნენ იმიტომ, რომ გაიყიდნენ. ერთ ამორალობას მეორე ამორალობა დაურთეს ზედ და დღეს ამ სინანულის არმქონე, მაგრამ სულგაყიდულ ადამიანებთან მოხდა პაატა ბურჭულაძის ამ უზარმაზარი, მაგრამ უკვე განულებული რესურსის შერწყმა და ამით ბურჭულაძის დარჩენილი რეიტინგის ერთბაშად დაცემა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ადამიანის წასვლა პარტიიდან. გამაოგნებელი იყო პაატა ბურჭულაძის დამოკიდებულება ამ ფაქტთან – ვისაც არ უნდა წავიდესო.

ამ ადამიანებს პაატა ბურჭულაძემ ერთბაშად მიუჯახუნა კარი და თქვა, რომ ვისაც ჩემთან არ უნდა, ყველა სუს-ის მართულია და წავიდესო.

ნახეთ დღევანდელი სია – პარტიას ჰყავდა ერთადერთი ფორმალურად პასუხისმგებელი ორგანო – გამგეობა და გამგეობის 4 წევრიდან სამი წევრი, გარდა თავად პაატასი, სიაში არ არის. მაშ, სად არის პაატა ბურჭულაძის გუნდი? ვის სიას ჩაუდგა ის სათავეში, ვის შეყვანას აპირებს პარლამენტში ჯერ კიდევ შემორჩენილი ავტორიტეტით?!

პაატა ბურჭულაძემ უღალატა იმ იდეას, რა იდეითაც მოდიოდა ქართულ პოლიტიკაში.

ამ შეერთების შედეგად გვერდზე გაიწია ყველაზე საღი ძალები. პაატა ბურჭულაძე დამნაშავეა საკუთარი ხალხის წინაშე, იმიტომ, რომ საზოგადოებაში ერთადერთი მოღვაწე იყო, რომელსაც თავისი პერსონის გარშემო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მობილიზაციის რესურსი და ძალიან დადებითი და ინოვაციური როლის შესრულების შანსი ჰქონდა. მან კი, ეს გაფლანგა და საკუთარ ხალხს ეს იმედიც წაართვა.

პარტიული სიის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა პავლე კუბლაშვილს და კრიმინალური, ქუჩური უნარ-ჩვევების მქონე პირს, გოგა კალაძეს, იგივე „კალოშას“. ეს არის პიროვნება, რომელიც ძალისმიერი მეთოდითა და შიშის ქვეშ ცდილობს წესრიგის დამყარებას პარტიაში და დღეს ის აჭარის სიის პირველი ნომერია. პაატას სია არის ნაციონალებისა და კრიმინალური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების ზეწოლის შედეგად შედგენილი ნაზავი. თუკი ისინი თუნდაც მანდატების ნაწილს აიღებენ პარლამენტში, ეს იქნება რეალური საშიშროება. შესაძლოა, მე, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფთხოება ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენო, მაგრამ მინდა ქვეყანა ავარიდო ამ ძალიან დიდ გამოწვევას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე არაფრისგან არ დაუხევიათ უკან და შეიძლება არც ახლა დაიხიონ. ამიტომ, მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება.

ეს გუნდი რეალურად, საკუთარი წარსულით არის საშიში და იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ სახის ინტერვიუს ნახავენ, შესაძლოა, ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე განახორციელონ ტერორი“,-განაცხადა ლაგაზიძემ for.ge-სთვისმიცემულ ინტერვიუში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები