პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

25.09.20 15:00


ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 

უწყების ინფორმაციით, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

“ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრელი ოფიცრების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე მიაგებს პატივს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან “,-აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები