ეკონომიკა

პრემიერი: ხელისუფლებას ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის რესურსები გააჩნია

28.09.20 11:45


საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ და  სწრაფ ზეგავლენას  მოახდენს  ლარის კურსზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 



სექტემბრის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 8,5%–ით გაუფასურდა. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის ეროვნულმა ბანკმა ექვსი თვის განმავლობაში 15 აუქციონი ჩაატარა, რა დროსაც 400 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

 

გახარიას თქმით, ზაფხულში, როდესაც კორონავირუსის პირველი ტალღა იყო, ლარის მკვეთრი გაუფასურება მოხდა, თუმცა, შემდეგ ლარის კურსი ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა.

 

 „ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენ ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც, ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად გლობალური კრიზისისა, საქართველო ნორმალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებშია“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

 

გახარიამ ლარის კურსზე საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროა ყველამ გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი – გლობალური კრიზისი, კორონავირუსის ეპიდემია და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მიაჩნია, რომ ლარის კურსზე ზეგავლენას უარყოფითი მოლოდინები ახდენს.

 

 „რაც შეეხება ფასების ზრდას,  ვფიქრობ ეროვნული ბანკი ძალიან კარგად ართმევს თავს. ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს და ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის 4%–ზე ნაკლები იქნება“, – განაცხადა კაკაურიძემ ჟურნალისტებთან.

 

ამასთან მან განმარტა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის, რათა მართოს ლარის კურსი.

 



ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით,  ლარის გაუფასურების ერთ–ერთი მიზეზი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

 

 „არჩევნების წინ ბაზარზე დიდი ოდენობით თანხა გამოდის, რადგანაც ყველა პოლიტიკური ძალა რეკლამასა და სხვა საქმეზე საკმაო ოდენობის თანხას ხარჯავს.

მეორე მომენტი – მოსავლის აღების პერიოდია, და, რა თქმა უნდა, ბევრი ფული გამოდის, რაც ლარის გაუფასურებას იწვევს... მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს არ აწყობს ლარის კურსის ვარდნა, ეს ხელისუფლებაა“, – განაცხადა ძაბირაძე გაზეთ „რეზონანსში“.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებას ზემოქმედების სხვა სადავეები არ აქვს გარდა იმისა, რასაც აკეთებს და იმედი აქვს, რომ ამ თვეში ეკონომიკური ვითრების მკვეთრი გაუარესება არ მოხდება.

 

 



წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/   

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები